გურამ ხეცურიანი 

გურამ ხეცურიანი - სიცოცხლის მოტრფიალე, სიყვარულის ცეცხლით აალებული ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მხატვარი საშუალებას გვაძლევს შევეხოთ საქართველოს, გრძნობებითა და ფიქრებით აღვიქვათ საქართველო.

გურამ ხეცურიანი წარმოშობით სვანეთიდან არის, რეგიონიდან, რომელიც  უმაღლესი მთებითაა  გარშემორტყმული და  რომელიც არანაირ დამპყრობელს არასდროს არ გაუთელავს. სიტყვაძუნწი, ღრმა სულიერებისა და სიბრძნის მატარებელი  ოცდაათი წლის მხატვარი არ ელოდება მგრძნობიარე მუზებსა და  იდეების გამოჩენას, ყოველდღე მუშაობს და თავის ცხოვრებას ხელოვნებას უძღვნის. „იყო მხატვარი - ნიშნავს იცხოვრო ხელოვნებისთვის, ყოველდღიურად იმუშაო თავდაუზოგავად“, - თავის ფიქრები გაგვიზიარა გურამმა.

უმშვენიერესი ბუნების წიაღში  გაზრდილი, საიდუმლოებით მოცულ, ცივილიზაციისგან უბიწოდ შენახული სულიერებით სავსე საქართველოში ის მუდმივად ეძებდა ჰარმონიას, რომელიც ცოცხლად წარმოჩნდება  მის მიერ დახატულ ნამუშევრებში. ბუნება და შენობები, ხალხი, სიჩუმე და რითმული მოძრაობა ჰარმონიულად იკვეთება გურამის სურათებში. სიხარული, სიმშვიდე და სიყვარული დღევანდელი, მარადიული და განუყოფელი თემაა ხელოვანისთვის, როგორც საქართველოს მთები, ჩვეულებები და სიმღერები. რთულ, ნიჭიერ და მიუწვდომელ ქართველ მხატვარს შთააგონებს  ძველი და მოშლილი სახლები, მათი ისტორია, ხასიათი, ოდესღაც მათში ნატიფად აჟღერებული მუსიკა. ხელოვანი თითქოს საკუთარ  პორტრეტებად  იქცა, რომლებიც ცოცხლდებიან მათ წინაშე ხანგრძლივად დგომისას. „როცა ვხედავ ჩამოშლილ და დანგრეულ სახლს, იმავდროულად წარმოვიდგენ იქ ჩავლილ ცხოვრებას. იმ შემთხვევაშიც კი თუ ყველაფერი სრულიად მკვდარი და განადგურებული ჩანს, მე მაინც ვხედავ ხალხს, ეზოში მოსეირნეებს, სახლისკენ მიმავალთ, მომუშავეებს, ბავშვებთან ერთად მოთამაშეებს, მესმის მათი საუბარი, გუგუნი, სიცილი, სიმღერა. ხანდახან ადამინებს ეშინიათ ჩამოშლილი სახლების - ჩემი წარმოსახვისთვის კი ისინი შლიან უხილავ სივრცესა და სილამაზეს“ - გვიყვება გურამი.

განსაკუთრებულია მხატვრის დახატული ტილოების ფერები. დომინირებს შავი და თეთრი, რომლებიც ერთმანეთში იკვეთება და ქმნის კონტრასტს. როგორც ბუნებაშია. კონტრასტი აუცილებელია, რადგან ამ დროს ცხოვრება უფრო აშკარა, უფრო ფერადი, უფრო ნამდვილი, ღრმა ემოციებითა და ფიქრებითაა  სავსე. წითლის, ლურჯის და სხვა ფერების სინათლის სათითაოდ ჩართვა აღიქმება, როგორც მაცოცხლებელი სიყვარულის ძალის ჩადინება სიცარიელეში, რათა კიდევ უფრო აამაღლოს პროფესიონალურად დახატული გურამის ნახატები. ცხოვრების გზაზე რწმენითა და სიყვარულით  მიმავალი    მხატვარი სილამაზესა და სიკეთეს გვინაწილებს, რადგან შესწევს ძალა, შეცვალოს ჩვენი ჩვეულებრივი მატერიალური სამყარო, მასში უფრო მეტის დანახვით და არა უბრალოდ დაფიქსირებული ფოტოსურათით ან ჩვენი უბრალო ხედვით.

„ცხოვრება მომხიბვლელია, როცა ის გვიყვარს, გვიყვარს ყველაფერი, რაც ცოცხალია, რაც პატარაა, რაც იზრდება, ვხარობთ ახლობლებით. სიყვარული ჩვენგან არასდროს და არსად არ იმალება. ის ჩვენს გარშემოა და ჩვენშია. მხოლოდ ჩვენ ვიმალებით მისგან ხანდახან. ხოლო, როცა ჩვენ აღარ დავიმალებით მისგან, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება...“ ღიმილით წარმოსთქვა გურამ ხეცურიანმა.

გურამ ხეცურიანმა ყოველთვის იცოდა, რომ მხატვარი იქნებოდა. მამამისი ხატმწერი იყო, რამაც ბავშვობიდან გაუღვივა ხელოვნებისადმი სიყვარული. გურამმა თბილისში წარჩინებით დაამთავრა სამხატვრო აკადემია  და შესანიშნავი ქართული ტრადიციული და, რა თქმა უნდა, კლასიკური ხატვისა და ფერწერის საფუძვლები შეიძინა. ამ დროისათვის ცხოვრობს  თავის პატარა სახელოსნოში, ძველ თბილისში.

კრისტინა ბარანაუსკაიტე


ნინო ჭანკვეტაძე

ბავშვობასთან შეხვედრა

ნინო ჭანკვეტაძე - მხატვარი, რომელმაც იცის ბავშვების ხატვა, რადგან უმეტესობამ ეს არ იცის. და ეს არ არის ტექნიკური წუნი. საიდუმლო იმალება ბავშვებისადმი დამოკიდებულებაში. მათი ბავშვები ან სათამაშოებს ჰგვანან ან ზრდასრული ადამიანების დაპატარავებული ასლები არიან, ნინო ჭანკვეტაძეს კი შესწევს უნარი გამოხატოს ბავშვების სიხარული ან იმედგაცრუება, მათ შინაგან სამყაროში მოქცეული სიჩუმე, რომელიც ბევრისმთქმელი და მნიშვნელოვანია.

ნინო ჭანკვეტაძის შემოქმედებასთან შეხებისას, ჩვენ ვხვდებით სხვა - დავიწყებულ – ბავშვობის  სამყაროში და შეუმჩნევლად ვგრძნობთ, რომ მას არ მივუტოვებივართ. თითოეული ჩვენთაგანის სიღრმეში ხომ ბავშვს სძინავს, რომლის გაღვიძებაც მხოლოდ ნამდვილი ხელოვნების ატმოსფეროს შეუძლია. მისი პორტრეტები - თავისი და სხვათა აღქმაა ბავშვების თვალებით. ისინი ცდილობენ, ასახონ  ბავშვობის შეხედულებები – მათთვის უცხოა ტყუილი;  ნინოს ნამუშევრებს ახასიათებს განსაკუთრებული გულწრფელობის წყურვილი, ფორმისა და შინაარსის ხმოვანება.

ბავშვებსა და უფროსებს გვხიბლავს მხატვრის შემოქმედება, რადგან ის  ყოველთვის გრძნობს და  ხედავს  პატარების  სულიერ  მისწრაფებებს და  მუდამ  მზადაა დაეხმაროს მათ.

ჩვენ კი, ზრდასრულებს, გვაძლევს საშუალებას ბავშვობასთან შეხვედრისას შეგვეძლოს მისი ამოცნობა.

ალინა ოქროპირიძე