გამოფენა „სიყვარულის საიდუმლო“

4 დეკემბერს, „საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლში“ ( კაუნასი, დონელაიჩეს ქუჩა 91) მართლაც, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება – გაიხსნება ორი ცნობილი ქართველი მხატვრის – ნინო ჩაკვეტაძისა და ბუბა არაბულის გამოფენა სახელწოდებით „ სიყვარულის საიდუმლო“, რომელიც 2017 წლის 8 იანვრამდე გასტანს.

ნინო ჭანკვეტაძე - მხატვარი, რომელმაც იცის ბავშვების ხატვა, რადგან უმეტესობამ ეს არ იცის. საქმე მარტო ტექნიკას კი არ ეხება, არამედ, უფრო მეტად, ბავშვებთან დამოკიდებულებას. მათი ბავშვები ან თოჯინებს  ჰგვანან ან ზრდასრული ადამიანების დაპატარავებული ასლები არიან. ნინო ჭანკვეტაძის შემოქმედებასთან შეხებისას, ჩვენ ვხვდებით სხვა - დავიწყებულ – ბავშვობის  სამყაროში და შეუმჩნევლად ვგრძნობთ, რომ მას არ მივუტოვებივართ. თითოეული ჩვენთაგანის სიღრმეში ხომ ბავშვს სძინავს, რომლის გაღვიძებაც მხოლოდ ნამდვილ ხელოვნებას ძალუძს.

 მისი პორტრეტები - თავისი და სხვათა აღქმაა ბავშვების თვალებით. ისინი ჩვენი ბავშვობის თვალებით იცქირებიან და ეს ფართოდ გახელილი თვალები ვერ ეგუება სიყალბეს. მათი დახატვა მოითხოვს სრულ გულწრფელობასა და უბრალოებას, ფორმისა და შინაარსის ერთიანობას, რათა თავიდან ავიცილოთ ის დამტკბარ– გადაპრანჭულობა, რაც ასე ახასიათებს ზოგადად, ბავშვების გამოსახულებებს.

Buba Arabuli „Senojo namo angelas“

ნინო ჩაკვეტაძის მხატვრულ სამყაროში სურათების რბილი, პასტელური ტონები იცვლება მკვეთრი, ცოცხალი ფერებით ანდა საბავშვო წიგნების შავ– თეთრი ილუსტრაციებით. ეს ილუსტრაციები სულ ადრეული ასაკიდან სათუთად აყალიბებს ბავშვის გემოვნებას და ესთეტიკურ აღქმას, როცა წიგნის გმირის სულიერი სილამაზის შესახებ  მოგვითხრობს; გვეხმარება უკეთ აღვიქვათ წაკითხული და ზოგადად, აღვიძებს ინტერესს წიგნისადმი.

ნინო ჩაკვეტაძის საყვარელი თემაა – ბავშვების სიხარული თუ იმედგაცრუება, ბავშვის შინაგანი ცხოვრება, სადაც სიჩუმე საუბარზე უფრო მეტყველია. მაყურებელს წუთითაც არ ტოვებს ერთგვარი ნოსტალგია, რომელსაც თავად მხატვარი განიცდის, უზრუნველი და იდილიური ბავშვობისა და ზოგადად, წარსულის მონატრება.

არაა გასაკვირი, რომ ბავშვებს მოწონთ ყველაფერი, რასაც ის ხატავს, რადგან ამ მხატვრის  სახით მათ შეიძინეს არა მხოლოდ ყურადღებიანი მაყურებელი, არამედ, მსმენელიც, რომელიც მათ დასახმარებლად  მუდამ მზადაა.    

თუ ნინო ჩაკვეტაძე ბავშვებს ხატავს, ბუბა არაბული ხატავს ქალს, სწორედ რომ ქალ ს და არა ქალებს. ეს ქალი მარადიული სატრფოა, მეუღლე, დედა... ის ლამაზი და დახვეწილია, თითქმის გამჭვირვალე. ბუბა ხატავს ქალის პორტრეტს, როგორც ფრესკას, ადიდებს მას და ქედს იხრის მის წინაშე. ეს ქალი თითქოს ეგვიპტური კედლის მხატვრობიდან გამოგვეცხადა, ბიზანტიური ხატებიდან, ქართული ტაძრის მოხატულობიდან. ცხადია, ყველა მხატვარს გააჩნია თავისი „სისუსტეები“ – საყვარელი თემები, გავლენები და  კერპებიც კი. ვფიქრობ, რომ ბუბა არაბულისთვის ასეთია მე –20 საუკუნის დიდი მხატვარი – მოდელიანი.

Buba Arabuli „Baltas žirgas“

გავლენა ანდა მსგავსება ხელოვნებაში რთული ფენომენია : მით უმეტეს, რომ ის გვხვდება თვით დიდოსტატებთანაც კი. მგონია, რომ არსებობს ამა თუ იმ მხატვრისადმი მიზიდულობა, რაღაც შინაგანი კავშირი, სურვილი მასთან დიალოგის წარმოებისა. და არა აქვს მნიშვნელობა, რომ ის სამი საუკუნის წინ ცხოვრობდა... ეს სურვილი  კი მსგავსი გამომსახველობითი ფორმებისა და საშუალებათა არჩევაში გამოიხატება.  საფიქრებელია, რომ მოდელიანის შემთხვევაშიც ასე იყო. ზოგადად, არაბულის პორტრეტები ძალიან სტატიკურია – ამით ისინი გვანან ფრესკებს, სადაც უძრაობა  სულიერ სიმშვიდეზე, უკვდავებაზე მიუთითებს... და მისი სურათებიც საჭიროებს ჭვრეტას, დრო აქ ნელა, მშვიდად მიედინება. თვით შეყვარებულებიც, თითქოს გაიყინნენ ამ გარინდებაში, ტკბილ ოცნებაში... სიშიშვლე ხომ აქ არ აღიქმება, როგორც მინიშნება ეროტიკაზე – აქ სწორედ რომ სიყვარულის იდეაა გამოსახული. სიყვარულისა, როგორც უღრმესი გრძნობის, ორ სქესს შორის კავშირისა, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და შეისწავლიან, და ამით საკუთარი თავის შეცნობის რთულ გზას გადიან, ისწრაფვიან ჰარმონიისკენ.

დიახ, ბუბა არაბულის  სურათებში ვერ შეხვდებით ყოვლისმომცველ ვნებებს, სამაგიეროდ, არის სინაზე, სისათუთე და რაღაც ჰაეროვნება... გოგონას თვალებში, ლარნაკის ყვავილებში, ქალაქის პეიზაჟებში. ნუთუ, ეს მართლა თბილისია? ნუთუ ის შეიძლება ასეთი იყოს? ჰო და არა... ეს არის ყოველივე ის, რაც არასოდეს არ  ძევს სააშკარაოზე, არამედ დაფარულია ჩვენგან ყოველდღიური საზრუნავისა და მღელვარებათა საბურველით.

აი, დიდხანს ვუყურებდი ყველა ამ ნამუშევარს და უეცრად ძალუმად მომინდა რაღაცის დახატვა, თუნდაც ჩანახატის გაკეთება ხელის რამდენიმე მოძრაობით... მომინდა შემეგრძნო ის ბედნიერება, ის განუმეორებელი აღტაცება, რასაც მხოლოდ შემოქმედება თუ გვაძლევს... შეიძლება თუ არა ეს მხატვრის დამსახურებად ჩაითვალოს – დიახ, შეიძლება.

Nino Chakvetadze „Durys“

მის სურათებზე გამოსახულ უამრავ სახეთა შორის გვხვდება მხატვრის პორტრეტიც, ცხადია, ზუსტი ავტოპორტრეტი კი არა,  ისევ და ისევ მისი განზოგადებული  სახე. მისი ქმნილებანიც ხომ ისევე გასაოცრად მშვიდი, დახვეწილი და ლამაზია, როგორც თავად მხატვარი... ანგელოზები და ბავშვები, შეყვარებულები და ფერმძიმე ქალები, მამაკაცები ბავშვების თვალებით – ეს ხომ საოცრებაა, როცა ამის დანახვა და გადმოცემა შეგიძლია! და კიდევ, თევზი უჭირავთ ხელში – ბიბლიური სიმბოლო, უკვდავებაზე რომ მიანიშნებს...

... ერთი ჯგუფური პორტრეტიდან პიტერ ბრეიგელის სუნთქვა ვიგრძენი... სახეები აღმოსავლურია, სტილი – დასავლური. სწორედ ამაში მდგომარეობს ქართული ხელოვნების განსაკუთრებულობა – ის აღმოსავლური და დასავლური გავლენების გზაჯვარედინზე დგას, რომ აღარაფერი ვთქვათ საკუთარ, ეროვნულ ტრადიციებზე – წარმართობიდან  დღევანდელ დღემდე...

ალინა ოქროპირიძე

„საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი“ ლიტვაში

ვაგრძელებ ქართულ– ლიტვური  მეგობრობის  თემას. მინდა,  მოგითხროთ ოცნებაზე, რომელიც  საკუთარ ხმას, გზას ეძებდა, რათა, ერთ დღესაც, სინამდვილედ  ქცეულიყო.

   28  ნოემბერს ლიტვაში, ქალაქ კაუნასში „საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი“  გაიხსნა ,( სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, ამ მოვლენის თვითმხილველი ვერ გავხდი,) რომლის კედლებიც საგანგებოდ  ამ დღისთვის,  გურამ ხეცურიანის ნამუშევრებით დამშვენდა. გამოფენაზე წარმოდგენილ ფერწერულ  ტილოებს  შორის  პორტრეტებიც გვხვდება, თუმცა,  უნდა ითქვას, რომ  მის შემოქმედებაში უმთავრესია პეიზაჟის ახლებური გააზრება, უფრო ზოგადი და ამავდროულად, უფრო პირადული, ვიდრე აქამდე მინახავს.

   მხატვარს ძველი სახლები იზიდავს – ქალაქად თუ სოფლად; მათი ბედი, ხასიათი, ჩუმი მუსიკა. როცა უყურებ მის სურათებს სერიიდან „სახლი“, გესმის ნელა გაღებული კარის წრიპინი, მორყეული კიბის ჭრიალი, ხის აივანზე– რიკულების გადაძახილი...ამას პეიზაჟებს ვერც კი დაარქმევ– ეს სახლების პორტრეტებია, თავს არ განებებს მათი გაადამიანურების განცდა. ერთხელ, გურამმა მითხრა, რომ ზამთარი უყვარს, თოვლი, სითეთრე და ხშირად მიემგზავრება ქალაქგარეთ, ძირითადად, მშობლიურ ლეჩხუმში... რომ ზამთარი დახატოს. საერთოდ, მისი პეიზაჟები უფრო შთაბეჭდილებებია, მოგონებები, განწყობილებები, ვიდრე ადგილის აღწერა. ავიღოთ თუნდაც „ერთი დღე“: რუხი ამინდი, წინა პლანზე– ტყე თუ პარკი,  დაგრძელებული ჩრდილებივით დგანან ნაწვიმარი ხეები, დანისლულია სივრცე. უკანა პლანზე – შორს მდგარი ხალხი და ცაში, ხეებს ზემოთ, რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ,– საჰაერო ბურთი.თუმცა მისი იქ ყოფნა არ გიკვირს, არ გეუცხოება – თითქოს მე–19 საუკუნის დასასრულის საფრანგეთში იმყოფებოდე, ეს ტყე თუ პარკი ბულონის ტყე იყოს და ეს ხალხი– ცნობისმოყვარე პარიზელები.
   მხატვარი ამბობს, რომ დროის განმავლობაში შეიცვალა მისი ხელწერა. ის სულ უფრო მეტად იხრება განზოგადებისკენ, აბსტრაქციისკენ, რაც პეიზაჟის ახლებურად დანახვაშიც იჩენს თავს. ასეთია „ერთი დღე“, „ზამთარი“ – თეთრ ფონზე შინდისფერი ხეებით და „ჭაობი“ – ამქვეყნად არსებული ყველა ჭაობის კრებითი სახე!

   ამ ახალგაზრდა, თვითმყოფადი ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა კაუნასში  ლამაზი დასაწყისია  „ სახლის“ კონცეფციით გათვალისწინებული  მრავალფეროვანი კულტურული საქმიანობისა.  21 დეკემბერს, „საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლს“  ეწვევიან საპატიო სტუმრები:  საქართველოს ელჩი ლიტვაში – ქნ–ი ხათუნა სალუქვაძე,  ქალაქ კაუნასის მერი და სხვა ოფიციალური პირები.

    ყველა ოცნება , მოგეხსენებათ,  ბავშვობიდან  ამომზევდება. „სახლის“ იდეის ავტორი და დიასახლისი, ჩემი ძვირფასი მეგობარი – კრისტინა ბარანაუსკაიტე, ხელოვნებათმცოდნეა. მამით  ლიტველს , დედა თბილისელი  ჰყავს, წარმოშობით ბერძენი. მშობლებს ერთმანეთი საქართველოში გაუცვნიათ, შორეული  1965 წლის ზაფხულში. შეყვარებულები ორი  კვირის თავზე  შეუღლებულან  :  კრისტინას დედა თურმე ძალიან ჰგავდა იმ მშვენიერ ასულს, მამას რომ გამოეცხადა სიზმარში...შემდეგ  ბავშვობის ტკბილი  მოგონებები :  ლიტვა, არდადეგებზე – საქართველო, თბილისელი ბებია,  ულამაზესი მთის სოფელი ციხისჯვარი – დედის მშობლების ფუძე და ძირი. ჩემი მეგობრის და მისი დის სისხლსა და ცნობიერებაში ერთხელ და სამუდამოდ შეერწყა ერთმანეთს ჩრდილოეთი და სამხრეთი, ისე, რომ არც ერთს დაუკარგავს  ზომიერებისა და წესრიგის გრძნობა და არც მეორეს – სითბო და სტუმართმოყვარეობა.

     პურ–მარილის, სიხარულის, სილამაზის გაზიარების ხელოვნება. როცა  საქართველოს, თილისმასავით, მუდამ თან დაატარებ, ბუნებრივია, გინდა, რომ სხვებსაც უწილადო ეს სიყვარული. მეგობრებისთვის მომზადებული კერძებით,  ქართული ფილმებისა და მუსიკის ჭაშნიკით  ჩაეყარა საფუძველი ასეთი „სახლის“ იდეას, ამ სიტყვის ტრადიციული, თითქმის საკრალური მნიშვნელობით, როდესაც  „სტუმარი ღვთისაა“, ხოლო მასპინძელი – უფლის ნებას აღასრულებს. „ ჩრდილოური ყინული უნდა გავალღვოო“ – უყვარს ხოლმე თქმა დიასახლისს. ამბობს და აკეთებს კიდეც. „სახლის“ გახსნამდე  რამოდენიმე თვით ადრე კრისტინა ბარანაუსკაიტემ კაუნასში ქართული კულტურისა და სამზარეულოს მოყვარულთაგან  ერთგვარი კლუბი  შექმნა.  „სილბო ჰქონდეს ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა“–   ამ ფერიასავით სიფრიფანა  ქალბატონს   სიძნელეები როდი აშინებს!  „საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი“ მხოლოდ მისი მორალური და მატერიალური  ძალისხმევის შედეგია. „ მჯერა, რომ მალე ეს ადგილი  ჩემი მეორე სამშობლოს  მოდელად, სიმბოლოდ  იქცევა,  მოეწყობა ქართველი მხატვრებისა და ფოტოგრაფების  გამოფენები,  ფილმების ჩვენება, ქართული კერძების დეგუსტაცია,  კულინარიული მასტერკლასები და იმპროვიზირებული კონცერტებიც კი. პატარა საქართველო ლიტვაში.  სამწუხაროდ, მამაჩემი ამ ზაფხულს გარდაიცვალა და ვერ მოესწრო სახლის გახსნას, ვერ გაიზიარა ჩემი და დედას სიხარული – ეს ხომ მისი ოცნებაც გახლდათ! ლიტველი იყო და საქართველოში ცხოვრებაზე ოცნებობდა...“

ალინა ქადაგიშვილი

ლიტველის გული ქართველი ბერძენისთვის ახალ სახლად იქცა

ენრიკა სტრიოგაიტე

საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ბერძენი ლუიზას ცხოვრება - გამოირჩევა, თავის ქმრისადმი სიყვარულითა და ერთგულებით. უსმენ ამ ოჯახის ისტორიას და გასაგები ხდება, რომ უპირობო სიყვარული დიდი ნიჭია.

ქორწილი რამდენიმე დღის მერე

"დიახ, ჩემი ცხოვრება გამოირჩევა სიყვარულით" - ემოციურად და ამასთანავე მორცხვად ამბობს ლუიზა მიროფორიდი - საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ბერძენი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი კაუნასში გაატარა. ლუიზას ორივე მშობელი, ბებიები და ბაბუები ბერძნები არიან, დიდი ბებია-ბაბუა - ოდესღაც არეულობით მოცული საბერძნეთიდან საქართველოში გაიქცა და იქ დასახლდა, იქვე დაიბადა კაუნასში სულ შემთხვევით ჩამოსული ლ. მიროფორიდი. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი იყო უფლის გეგმა.

1965 წლის შუა ზაფხულს, ლიტველი, წარმოშობით პიენადან, მაგრამ უკვე გარკვეული დროის მანძილზე კაუნასში მცხოვრები, სამშენებლო სფეროში დასაქმებული, ყოფილი კაუნასის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ახლა კაუნასის ტექნიკური უნივერსიტეტის) სტუდენტი ვიტაუტასი სამუშაო საქმიანობის ფარგლებში სტუმრობდა საქართველოს. კაუნასში გამგზავრებამდე ქალაქ პიატიგორსკში ვიტაუტასმა დაინახა ლამაზი, შავთმიანი, ყავისფერ თვალებიანი, თბილისიდან პიატიგორსკში ინგლისური ენის სასწავლო სესიაზე ჩამოსული ლუიზა. გაიცნო, დაელაპარაკა და გადაწყვიტა წაეყვანა ლიტვაში. მეორე დღეს მისთვის და თავისთვის ბილეთები შეიძინა  - მომავალი განწყობისთვის: ვიტაუტასის ჩანაფიქრები სერიოზული იყო.

“მოგვიანებით  ვკითხე მას, თუ რატომ იქცეოდა ასე სპონტანურად და ამასთანავე პასუხისმგებლობის გრძნობით, ის ხომ არ მიცნობდა" - ეხლა უკვე ოცნებებით მოგონებებში მოგზაურობს ლუიზა ბარანაუსკიენე. - მაშინ მან მიპასუხა, რომ გულით მტკიცედ იგრძნო, თუ ამას არ გააკეთებს, მთელი ცხოვრება ინანებს.”

"თუმცა თქვენც ასევე რისკზე მიდიოდით?" -"არა, - მტკიცედ წარმოთქვამს ლუიზა, - ვგრძნობდი, რომ ვიტაუტასის ნდობა შემეძლო."

30 ივლისს, ვიტაუტასი და ლუიზა კაუნასში ჩამოფრინდნენ, 7 აგვისტოს შეუღლება დარეგისტრირებული იყო, 15 აგვისტოს - ეკლესიაში ჯვარი დაწერილი. ორი წლის შემდგომ დაიბადა პირველი ქალიშვილი ანჟელიკა იურატე, კიდევ ხუთი წლის შემდგომ - ქრისტინა.

გრძნობები არ გამქრალა

"ჩემი ქმარი უპირობოდ მიყვარდა, ცრემლების შეკავებით ამბობს ლუიზა, გასული წლის ზაფხულს მძიმე დაავადების შემდგომ ის გარდაიცვალა. - ჩემს ცხოვრებაში სიყვარული უმნიშვნელოვანესია, მხოლოდ ის დამეხმარა, გავჩერებულიყავი უცხო ქვეყანაში, სხვა კულტურაში,  გარემოში, სადაც არ იყვნენ არც ნათესავები, არც ახლობლები, არც მეზობლები. საქართველოში ჩვენ ერთი მეორესთან ძალიან ვმეგობრობთ, უცნობ ადამიანს შეუძლია მარტივად გაგიხსნას გული, გამოთქვას თავისი მწუხარება თუ ტკივილი", - აღნიშნავს ლუიზა. ის იხსენებს, როცა თერთმეტი წლის შემდგომ დაბრუნდა მშობლიურ თბილისში, წავიდა ბაზარში და იყიდა თავისი საყვარელი მოხარშული და შემწვარი სიმინდის ტაროები, ჩამოჯდა გასაყიდი დახლიდან არც ისე მოშორებით და ატირდა. სიმინდის გამყიდველმა ქართველმა მაშინვე მიირბინა და გამოკითხა, თუ რატომ იყო ლუიზა ასე დამწუხრებული, ხოლო როცა გაიგო, რომ მონატრებისა და ნოსტალგიის გამო, დაპატიჟა ყოველდღე მისულიყო ბაზარში და შეპირდა, რომ ყოველდღე გაუმასპინძლდებოდა სიმინდით.

ეჰ, როგორ მოგინდება ადამიანს, გაიგო იმ ქართველის, სიმინდის გამყიდველის, სიტყვები, რომელიც ქრისტინამაც ქართული ტემპერამენტით წარმოსთქვა, ფართო ჟესტებით, გახსნილი გულით. "საქართველოში პრაქტიკულად არასდროს არ დარჩები მარტო და მიტოვებული, - აღნიშნავს ლ. ბარანაუსკიენე, - ამ ქვეყანაში არ არის არც ბავშვების, არც მოხუცთა თავშესაფარი სახლები, აბა სხვანაირად როგორ? ხომ არიან ახლობლები, ნათესავები, ბოლოს და ბოლოს - მეზობლები, ვიღაცა აუცილებლად იზრუნებს უბედურზე.

ლუიზამ ვიტაუტასთან ერთად თითქმის 50 წელი იცხოვრა, ოქროს ქორწილის იუბილემდე სულ რაღაც ოთხი დღე დააკლდათ, მთელი ამ დროის განმავლობაში ლ. ბარანაუსკიენეს თავის ქმარი ისე უყვარდა, როგორც, ალბათ, ეს საქართველოს მთებში, მზეში, კულტურაში აღზრდილ გოგონას, ქალს შეუძლია.

ხიდი ორ ქვეყანას შორის

მამისადმი სიყვარული მომწიფდა არატრადიციულ იდეად - კაუნასში შეექმნა საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი. " მას ძალიან უნდოდა ამ ორი კულტურის გაერთიანება,” - ჰყვება ქართველი დედის ხასიათის მქონე უმცროსი ქალიშვილი ქრისტინა ბარანაუსკაიტე. - მამა მადლობელი იყო საქართველოსი დედაჩემის გამო, რომელმაც ჩვენც გვასწავლა ნამდვილი ქართული კერძების მომზადება, მეც ჩემის მხრივ მინდა, სხვებს გავუზიარო ცოდნა და ნამდვილად გასაოცარი ქართული სამზარეულო. არა მარტო ეს… ახლა საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლში მიმდინარეობს ცნობილი ქართველო მხატვრის გურამ ხეცურიანის სამხატვრო ნამუშევრების გამოფენა, ასევე ვაწყობთ ქართული ფილმების სესიებს, ხელოვანებთან შეხვედრებს.

არა არის შემთხვევითი, რომ გ. ხეცურიანის სამხატვრო ნამუშევრების გამოფენა "სიჩუმემ" გახსნა  ქართველი მხატვრების გამოფენის პირველი გვერდი. სიცოცხლის მოტრფიალე, სიყვარულის ცეცხლით აალებული ნიჭიერი ქართველი მხატვარი მოგვაგონებს ქრისტინას მამის ბრძოლისუნარიანობას, გამბედაობას ოცნებასა და მოქმედებაში.

გ. ხეცურიანი წარმოშობით სვანეთიდან არის, რეგიონიდან, რომელიც გარშემორტყმულია უმაღლესი მთებით, არანაირ დამპყრობელს რომ არასდროს არ გაუთელავს. "სიტყვაძუნწი, ღრმა სულიერებისა და სიბრძნის მასხივებელი 30 წლის სვანი მხატვარი არ ელოდება მგრძნობიარე მუზებისა და იდეების გამოჩენას, არამედ, ყოველდღე მუშაობს და თავის ცხოვრებას ხელოვნებას უძღვნის." - თბილად მოიხსენიებს მხატვარს საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლის შემქმნელი ქ. ბარანაუსკაიტე.

ბუნება და შენობები, ხალხი, სიჩუმე და რითმული მოძრაობა ჰარმონიულად იკვეთება გურამის სურათებში. სიხარული, სიმშვიდე და სიყვარული ხელოვანისთვისთვის მახლობელი, მუდმივი და ამოუწურავი თემებია, როგორც საქართველოს მთები, ჩვეულებები და სიმღერები. რთულ, ნიჭიერ და იდუმალ ქართველ მხატვარს შთააგონებს  ძველი და მოშლილი სახლები, მათი ისტორია, ხასიათი, ოდესღაც მათში ნატიფად აჟღერებული მუსიკა. ხელოვანი თითქოს თავის პორტრეტებად  იქცა, რომლებიც ცოცხლდებიან მათ წინაშე ხანგრძლივად დგომისას.

„როცა ვხედავ ჩამოშლილ და დანგრეულ სახლს, იმავდროულად წარმოვიდგენ იქ ჩავლილ ცხოვრებას. იმ შემთხვევაშიც კი თუ ყველაფერი სრულიად მკვდარი და განადგურებული ჩანს, მე მაინც ვხედავ ხალხს, ეზოში მოსეირნეებს, სახლისკენ მიმავალთ, მომუშავეებს, ბავშვებთან ერთად მოთამაშეებს, მესმის მათი საუბარი, გუგუნი, სიცილი, სიმღერა. ხანდახან ადამინებს ეშინიათ ჩამოშლილი სახლების - ჩემი წარმოსახვისთვის კი ისინი შლიან უხილავ სივრცესა და სილამაზეს.“ - გვიყვება გურამი.

სხეულისა და სულის გამოკვება

"თუ გულახდილად ვისაუბრებთ - ლიტვაში ფესვები არ გამიდგამს - გამოგვიტყდა ლ. ბარანაუსკიენე. ჩემი სახლი - საქართველოშია, მიუხედავათ იმისა, რომ მშობლები უკვე ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ აქ, ლიტვაში, - ჩემი ბავშვები, ჩემი ცხოვრებაა."

მანდილოსანი არ მალავს: თავიდან ძნელი იყო ლიტვური ზომიერებისადმი მიჩვევა, არც ისე იშვიათად - ჩაკეტილობისადმი, ხანდახან კი - სიცივესადმი. "ამასთანავე ახლა, წლების შემდგომ აშკარად იგრძნობა, რომ ლიტვური ზომიერება ეხლა უკვე მიმსუბუქებს კიდეც დღეს. საქართველოში ყოველდღიური აქტიური მეგობრობა, ალბათ, დამღლელიც იქნებოდა. ვამბობ: მიმსუბუქებს თქო, რადგან, ქმრის გარეშე, ვიტაუტასის გარეშე ჩემი დღეები აღარასოდეს აღარ იქნება ისეთი, როგორიც მასთან ერთად იყო. მისდამი ჩემი სიყვარული იყო ჩემი სახლი და ჩემი ბედნიერება. ყოველთვის ველოდებოდი მის დაბრუნებას, ყოველდღიურად ბედნიერება მეწვეოდა ხოლმე, როცა კიბეებზე  ნაცნობი ნაბიჯების ხმა ისმოდა.

ლ. ბარანაუსკიენე გაჩუმდა, თავი დახარა, რამდენიმე ხნის შემდეგ საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლის ფანჯრიდან მაცქერალმა წარმოსთქვა: ეზოში ხის კიბეებზე პატარა გოგონა ადის, ნაცნობი სურათია, ძველი ხის კიბეები და სახლის მეორე სართული რაღაცნაირად საქართველოს ეზოს მაგონებს. ეჰ, კედლებზეც ვაზის ტოტები იქნებოდეს..

უფროსი ქალიშვილი ანჟელიკა იურატე ოჯახთან ერთად ვილნიუსში ცხოვრობს, უმცროსი ქალიშვილი ქრისტინა კი ადამიანების გულგახსნილობით და გულწრფელობით იწვის, საქმით, რომელიც დაიწყო თავისი მშობლებისადმი დიდი სიყვარულით, ლიტვისთვის და საქართველოსთვის. როცა დედა კალთაზე ფრთხილად შლის წიგნს - რადგან კითხვა განტვირთავს, ის წარმოსთქვამს მხატვარი გ. ხეცურიანის გამოფენის გახსნის წინ ნათქვამ სიტყვებს: „ცხოვრება მომხიბვლელია, როცა ის გვიყვარს, გვიყვარს ყველაფერი, რაც ცოცხალია, რაც პატარაა, რაც იზრდება, ვხარობთ ახლობლებით. სიყვარული ჩვენგან არასდროს და არსად არ იმალება. ის ჩვენს გარშემოა და ჩვენშია. მხოლოდ ჩვენ ვიმალებით მისგან ხანდახან. ხოლო, როცა ჩვენ აღარ დავიმალებით მისგან, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება...“

"როცა ამ სტატიას დაწერთ - შეკავებული ცრემლი ჩამოუვარდა  ლიტვურ ენაზე შესანიშნავად მოსაუბრე  ლ. ბარანაუსკიენეს, - დაწერეთ, რომ ცხოვრებაში - უმნიშვნელოვანესი სიყვარულია და არა მისი მოლოდინი, სიყვარული ყოველგვარი პირობის, ამბიციებისა და კაპრიზების გარეშე. სიყვარული არაფრის მოლოდინით, გახსნილი გულით. და ყოველთვის სხვებისთვის სიკეთის კეთება. დამიჯერეთ, მე უკვე 74 წლის ვარ, უკვე ასე თუ ისე ვიცი - კარგის კეთებისას ყოველთვის ათჯერ მეტს იღებ, იქ კი რაღა იქნება - ასჯერ უფრო მეტი სიკეთე.

ოცნება, უსაზღვრო სიყვარული - საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი

თითოეული ადამიანისთვის დგება დაფიქრების დრო: რა არის ცხოვრების არსი? საკუთარი თავისთვის დასმული ამ კითხვის შემდეგ ქრისტინა ბარანაუსკაიტემ კაუნასის ცენტრში  საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი შექმნა - ამგვარად გამოხატა მშობლებისადმი სიყვარული. ამ სახლში ქრისტინა საკუთარ თოთხმეტი წლის გოგონასთან და დედასთან ლუიზა ბარანაუსკიენესთან ერთად ლიტველებს უმხელს მზიანი საქართველოს ცხოვრების წეს-ჩვეულებებს, ასწავლის მრავალწლიანი ტრადიციების მქონე კერძების მომზადებას.


ეგლე ლეონოვიენე

თქვენ დაამთავრეთ ხელოვნების კვლევის ბაკალავრიატი, მართვის სამაგისტრო პროგრამა, მუშაობდით კარგად ანაზღაურებად სამუშაოზე. რატომ გადაწყვიტეთ ყველაფრის მიტოვება და თავიდან დაწყება?

მე შთამაგონა ამერიკელი მომღერლის, კომიკოსის მარგარეტ იონგის სიტყვებმა: "ხშირად ადამიანები თავდაპირველად ცდილობენ, ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი საგნები ან ფული, რათა დაკავდნენ იმით, რაც მათ მოსწონთ. ამ დროს, პირველ რიგში საჭიროა იყო ის, ვინც რეალურად ხარ, მერე კი აკეთო, რაც გასაკეთებელი გაქვს, რათა გქონდეს ის, რაც გინდა.”

ვმუშაობდი ბიზნესში, ვზრდიდი ქალიშვილს, ვსწავლობდი უნივერსიტეტში - ვცდილობდი ვყოფილიყავი შესანიშნავი ხელმძღვანელი, გასაოცარი დედა და ცოლი, გულმოდგინე სტუდენტი. შესანიშნავი გამოცდილებაა, უსაზღვროდ მადლობელი ვარ ამისთვის. მაგრამ მინდოდა უბრალოდ ბედნიერი ვყოფილიყავი, ამიტომ ავირჩიე ოჯახი და გზა საკუთარი ოცნებისკენ. დიდი ხანი არ მაძლევდა მოსვენებას ოცნება, კაუნასში შემექმნა საქართველოს კულტურის კერა.

50 წელზე უფრო მეტი ხნის წინ მამაჩემმა, წარმოშობით პიენუდან, კაუნასში მცხოვრებმა ახალგაზრდა ინჟინერმა საქართველოდან ჩამოიყვანა ქალიშვილი - დედაჩემი. საქართველო და ლიტვა გახდნენ ჩემი მშობლიური ქვეყნები. თანაბრად. როგორც დედა და მამა. როგორც სიყვარული ორივეს მიმართ. ძლიერი და განუყოფელი. ჩემს ცხოვრებაში გადაიხლართა ორი - ჩრდილო-დასავლური და სამხრეთ-აღმოსავლური კულტურა, გაერთიანდა უჭკნობი ტრადიციები და თანამედროვეობა. თავს მოვალედ ვგრძნობდი, საკუთარი შეგრძნებები გარშემომყოფთათვის გამეზიარებინა, რადგან, სამწუხაროდ, საქართველო  ლიტველების  უმრავლესობისთვის დღემდე მაინც ასოცირდება მწვადებსა და ღვინოსთან. მინდოდა ეს ქვეყანა ყოველმხრივ წარმედგინა.

მეგობრებმა, რომელთა სახლებშიც ხშირად ვასწავლიდი ხოლმე ქართული კერძების მომზადებას, შემომთავაზეს, შემექმნა საქართველოს კულტურის სივრცე, სადაც არ იქნებოდა მხოლოდ კულტურული სწავლებები. ძალიან მინდოდა, გამეკეთებინა მოულოდნელი საჩუქარი ჩემი მშობლებისთვის, რომლებიც 2015 წლისთვის ემზადებოდნენ, აღენიშნათ ერთად ცხოვრების ოქროს იუბილე, მინდოდა მათი სიყვარული საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლში დამეგვირგვინებინა. სამწუხაროდ მამა ამას ვერ მოესწრო…

შარშან ნოემბრის ბოლოს მამისა და დედისადმი მიძღვნილი საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლის კარი გაიღო. ეს მათი სიყვარულია, სიძლიერე, დიდი სურვილი და მისწრაფება, ორი დაუკავშირებელი კულტურის გაერთიანების სიმბოლო.

რატომ სახლი? - და არა ცენტრი, გალერეა, კურსები?

როგორც ლიტვა, ისე საქართველო - ჩემი სახლია, ნამდვილ სახლში კი - სიმყუდროვეა, სითბოა, კარგია. ნამდვილ სახლში ადამიანი ბედნიერია, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს თუნდაც ერთხელ შეიგრძნოს აქ მოსულმა ადამიანმა. არ არის შემთხვევითი, რომ დიდხანს ვეძებდი ადგილს ამ სახლისთვის - სივრცეს უნდა ჰქონდეს გასაოცარი აურა. ამ ფართში შემოსულმა ეს მაშინათვე ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ შესახედავად სავალალო იყო: რემონტი, ალბათ, საბჭოთა კავშირის დროინდელი იყო, ფართს სხვადასხვაგვარი დაწესებულებები ქირაობდნენ, ასევე ომამდე აქ ცხოვრობდა ბედნიერი ებრაელების ოჯახი - შობის წინ მშობლების სახლის სანახავად ისრაელიდან ჩამოსულმა ახლობლებმა შემოიარეს.

ყველაზე მეტად გამახარა სამზარეულოს ფანჯრიდან დანახულმა ხედმა: წინ გადაიშალა ნამდვილი პატარა ქართული ეზო.

მას შემდეგ, რაც დავიანგარიშეთ, თუ რამდენი მუშაობა და ძალა დასჭირდებოდა ფართის მოწესრიგებას, ჩემმა ქმარმა არუნასმა ჩანაფიქრს სიგიჟე უწოდა, მაგრამ ჩემი განათებული თვალების შემხედვარე მიხვდა - ვერ გადამაფიქრებინებდა. მამას გოგო ვარ. მისგან მემკვიდრეობით მერგო სიმტკიცე, სიბეჯითე, თვითდაჯერებულობა, დარწმუნების უნარი. სამი თვეში სამუშაოები დამთავრებული იყო. საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლის კარი გაიღო, მას საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძეც ეწვია.

ადვილია თუ არა, როცა ბავშვი  შერეულ ოჯახში იზრდება? რამდენად განსხვავდება ქართული ცხოვრების წესი ლიტვურისგან?

ეს არ არის მარტივი, რადგან საქართველოდან გამოსული დედაჩემის ხედვა, პრინციპები უმეტეს შემთხვევაში განსხვავდება ლიტვურისაგან, ევროპული აღზრდისაგან. საქართველოში ეხლაც კი, მიუხედავად ცხოვრებაში ნელ-ნელა შეჭრილი ახალი ჩვევებისა, ბავშვების აღზრდა განსხვავებულია: ბიჭებს ზრდიან ნამდვილ კაცებად,  თავიანთ სიტყვებზე პასუხისმგებლებად, ხოლო გოგონებს შთააგონებენ, გონივრულად მისცენ ნება კაცებს, იყვნენ კაცები, და არ დომინირებდნენ, არ მართავდნენ, არ ეჭიროთ ოჯახის საჭე. საქართველოში ქალი ყოველთვის თავისი ქმრის გვერდით არის, არ ჩრდილავს. ეს ცხადი ხდება, როცა ქართულ ხალხურ ცეკვას აკვირდები: ქალი გედივით წყნარად მიცურავს წრეზე, ხოლო მეომარი და ტემპერამენტიანი კაცები გარშემო დასტრიალებენ.

გათხოვილ და ლიტვაში საცხოვრებლად დარჩენილ დედაჩემს ახლობლებთან და სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვიტავს: ყოველ ზაფხულს მე და ჩემზე ხუთი წლით დიდი და – ანჟელიკა დედის ახლობლებთან ერთად ვატარებდით. ბორჯომის რეგიონში, მთებთან ახლოს გვაქვს აგარაკი - მამამ თვითონ ააშენა, გაალამაზა. ჩემთვის იქ ძალიან კარგია, თავს ვგრძნობ საყვარელ, სანატრელ და შინაურ ადამიანად. ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ ამ ქვეყნისადმი სიყვარულს ჩემი ქალიშვილი კაროლინაც ატარებს. " მე მომენატრა იმ ქვეყნის სურნელი" - ხანდახან ამბობს ხოლმე, როცა გაიგებს, რომ ჩემთან ერთად ვერ გაემგზავრება საქართველოში. ასე მხოლოდ ის ადამიანი ლაპარაკობს, რომელსაც თავისი სული უყვარს.

გეთაყვა, მოგვიყევით საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლის საქმიანობის შესახებ?

სახლის დასახელება გეუბნებათ, რომ აქ გელოდებათ შეხვედრა ხელოვნებასთან, კულტურასთან, ტრადიციებთან და უნიკალური ქართული კულინარიული მემკვიდრეობის გამოცდილებასთან. ქართული ხელოვნებისა და სურნელის სახლში მუდმივად მიმდინარეობს ქართული კერძების სწავლების კულინარიული კურსები ზრდასრულთათვის და ბავშვებისთვის, დეგუსტაციები, დღესასწაულები.

ხელოვნების მკვლევარი ვარ, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხელოვნების წარდგენა, ამჟამად მიმდინარეობს გურამ ხეცურიანის მხატვრული ნამუშევრების გამოფენა  "სიჩუმე". ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვარი საშუალებას გვაძლევს შევეხოთ ამ ქვეყანას, თავისი გრძნობებით და აზროვნებით აღვიქვათ მისი ნამდვილი ცხოვრება.

გავიცანი შესანიშნავი მხატვარი ნინო ჭაკვეტაძე - ის გასაოცრად ხატავს ბავშვებს. ბევრს ეს არ გამოსდის და ეს არ არის ტექნიკური წუნი: საჭიროა ბავშვების სამყაროს აღქმა, ბავშვად გადაქცევა. მხატვარი გრძნობს, ხედავს და ესმის ბავშვების სულის წკრიალი. შობის წინ გამოვუშვი მისი მხატვრული ნამუშევრების ამსახველი მისალოცი ბარათები - დიდი ინტერესი გამოიწვია.

არის თუ არა ბევრი ხალხი კულინარიულ სწავლებებზე?

არ დამიმთავრებია არანაირი კულინარიული სასწავლო პროგრამა, მაგრამ მე მომწონს და გამომდის მომზადება. ჩანს, ნიჭი მემკვიდრეობით მერგო. ორივე ბებო ძალიან გემრიელად ამზადებდა, ხოლო დედა განსაკუთრებული გამომგონებელია: ქართული სამზარეულო ლიტვური პროდუქტების ბაზარს შეუთავსა. საბჭოთა კავშირის დროს, როცა გზავნილები იაფი იყო და თვითმფრინავის საბარგული კი შეუზღუდავი, საქართველოდან მოგზაურობდნენ არა მარტო სანელებლები, მწვანილები, არამედ ბოსტნეულიც, ხილი, სხვადასხვა კონსერვები. ახლაც კი სწავლებისთვის საქართველოდან მომაქვს ბებოს და დედის ახლობლების გაზრდილი, დაკონსერვებისთვის შეგროვებული, გამომშრალი მოსავალი. ლიტველებისთვის ეს ეგზოტიკურია, მაგალითად საზამთროს კანის, ფეიხოას, კაკლიანი ბლის მურაბები, ბორჯომის ნაკრძალში არსებული განსაკუთრებული სახეობის ეკლიანი გირჩებისგან დამზადებული მურაბა.

 

კულინარიული სწავლებები კვირაში ორჯერ იმართება: ვამზადებთ ყველაზე პოპულარულ ქართულ ვეგეტარიანულ და ხორციან კერძებს, ვხარშავთ ტრადიციულ სუპებს, დროდადრო წარვადგენ ხოლმე ქართულ ტკბილეულს.

როცა ადამიანებს არამარტო დანახვის შესაძლებლობა აქვთ, არამედ შეუძლიათ შეიგრძნონ პროდუქტების არომატი, მათი დაგემოვნება და ამასთან ერთად მათი მომზადება ისწავლონ, ეს ყველაფერი იწვევს სულ სხვა ასოციაციებს, განცდებს. განსაკუთრებით ძვირფასია, როცა სწავლებაზე მთელი ოჯახი მოდის.

საქართველოს ჭამის კულტურა განსხვავდება ლიტვურისაგან. ზოგიერთი კერძი ტრადიციულად მზადდება ოჯახის ყველა წევრის მიერ, ზოგიერთ შემთხვევაში მეზობლებსაც კი იწვევენ.

სინამდვილეში, ქართული პელმენის – ხინკლის მოსამზადებლად, პირში გემრიელად რომ დნება,  მთელი ოჯახი იკრიბება, ახლობლები და  მეზობლები - ეს პატარა დღესასწაულს წააგავს. არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოში დღემდე სახლები შიდა ეზოებით შენდება, ხოლო სუფრასთან ჯდომა იგივეა, რაც ღმერთის წინაშე ჯდომა: ყველანაირი დღესასწაულის საერთო მიზანია - ურთიერთობა. არავის არ ეჩქარება, ერთი-მეორეს უსმენენ, არ ჩუმდება მოგონებები, არ ჩერდება საუბრები ცხოვრებისეულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, წარსულებზე, არა ყოფით საგნებზე. სუფრასთან მჯდომი ადამიანი ივიწყებს პირადულ გაჭირვებას, უბედურებას, სული ისე წყნარდება, თითქოს ფსიქოთერაპევტთან იყო. სხვათა შორის, სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ფსიქოთერაპიული წამლები ძალიან ცოტა რაოდენობით მოიხმარება - ურთიერთობის ჩვეულების გამო აქ ცხოვრება არც ისე მოსაწყენი ჩანს…

სუფრაზე ხმამაღლა გაჟღერებული ქართული სადღეგრძელოებიც არ არის უბრალო: ისინი აზრიანებია, სულისკვეთებით სავსე, ადიდებს სიყვარულს, ერთგულებას, ოჯახს, დედას, მეგობრებს. ქართველებისთვის სადღეგრძელოები - ეს არა არის დალევისა და გამხიარულების საშუალება, ეს არის  შესაძლებლობა მათ ძვირფას ტრადიციებთან შეხებისა.

ქრისტინას რეცეპტი
ბადრიჯნის რულონები  ნიგვზით                           2-3 პორცია

2 ბადრიჯანი, 100 გრამი კაკალი, 2-3 კბილი ნიორი, მარილი გემოვნებით, 0,5 კოვზი უცხო სუნელი, ერთი კოვზი გამხმარი ქინძი, 4-5 ლერწი ახალი ოხრახუში, 3-4 ლერწი ახალი ქინძი, ზეთი.

ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე 5 მმ სიგანის ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ ოცი წუთი, შემდეგ გაავლეთ ცივ წყალში, გააშრეთ. შეწვით ბადრიჯნის ნაჭრები გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან და დადეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა შეიწოვოს ზედმეტი ცხიმი. წვრილად დაჭრილ კაკალში შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, მოაყარეთ სანელებლები, დაჭრილი მწვანილები და დაასხით ნახევარი ბროწეულის წვენი. ბადრიჯნის ერთ ბოლოში დადეთ ნარევი და შეახვიეთ. რულონები დაალაგეთ ერთმანეთის გვერდით, მოაყარეთ ბროწეულის მარცვლების დარჩენილი ნახევარი  და ოხრახუში.

მადლობა ჟურნალ "დიასახლისს" და ეგლე ლეონოვიენეს

ლინ კარლინი/ ‘მწვანე ხელოვნება’ კვარცხლბეკის სერია

ლინ კარლინის ამ ნამუშევართა ციკლი  სრულიად პირადული რამაა - ის, რაც ისედაც ცხადია, მაგრამ ადამიანები ხშირად ივიწყებენ –  მოსავლის სილამაზე. "ფერმერთა ბაზარში  ყოველკვირეულმა სტუმრობამ   ახალი მიმართულებისკენ მიბიძგა: ეს მაშინ მოხდა, როცა გასაოცრად ლამაზი იასამნისფერი ყვავილოვანი კომბოსტო ვიყიდე და  სახლში დაბრუნებულმა,    ჩემს სტუდიაში  ძველ თეთრ კვარცხლბეკზე დავდე , ფანჯრისკენ მიბრუნებული. სიხარულმა, რომელიც ამ ფოტოსგან მივიღე,  შთამაგონა   განმევითარებინა ეს კონცეფცია: პატივი უნდა სცე ბოსტნეულს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მისი კვარცხლბეკზე დადებით. ორი წლის შემდეგ, ათზე მეტი კვარცხლბეკი   მოვაგროვე, ხოლო ციკლში კი  სხვადასხვა ხილი და ყვავილი  შევიტანე ".

ფოტოგრაფიის მეტი ნიმუშები აქ: