„საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი“ ლიტვაში

ვაგრძელებ ქართულ– ლიტვური  მეგობრობის  თემას. მინდა,  მოგითხროთ ოცნებაზე, რომელიც  საკუთარ ხმას, გზას ეძებდა, რათა, ერთ დღესაც, სინამდვილედ  ქცეულიყო.

   28  ნოემბერს ლიტვაში, ქალაქ კაუნასში „საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი“  გაიხსნა ,( სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, ამ მოვლენის თვითმხილველი ვერ გავხდი,) რომლის კედლებიც საგანგებოდ  ამ დღისთვის,  გურამ ხეცურიანის ნამუშევრებით დამშვენდა. გამოფენაზე წარმოდგენილ ფერწერულ  ტილოებს  შორის  პორტრეტებიც გვხვდება, თუმცა,  უნდა ითქვას, რომ  მის შემოქმედებაში უმთავრესია პეიზაჟის ახლებური გააზრება, უფრო ზოგადი და ამავდროულად, უფრო პირადული, ვიდრე აქამდე მინახავს.

   მხატვარს ძველი სახლები იზიდავს – ქალაქად თუ სოფლად; მათი ბედი, ხასიათი, ჩუმი მუსიკა. როცა უყურებ მის სურათებს სერიიდან „სახლი“, გესმის ნელა გაღებული კარის წრიპინი, მორყეული კიბის ჭრიალი, ხის აივანზე– რიკულების გადაძახილი...ამას პეიზაჟებს ვერც კი დაარქმევ– ეს სახლების პორტრეტებია, თავს არ განებებს მათი გაადამიანურების განცდა. ერთხელ, გურამმა მითხრა, რომ ზამთარი უყვარს, თოვლი, სითეთრე და ხშირად მიემგზავრება ქალაქგარეთ, ძირითადად, მშობლიურ ლეჩხუმში... რომ ზამთარი დახატოს. საერთოდ, მისი პეიზაჟები უფრო შთაბეჭდილებებია, მოგონებები, განწყობილებები, ვიდრე ადგილის აღწერა. ავიღოთ თუნდაც „ერთი დღე“: რუხი ამინდი, წინა პლანზე– ტყე თუ პარკი,  დაგრძელებული ჩრდილებივით დგანან ნაწვიმარი ხეები, დანისლულია სივრცე. უკანა პლანზე – შორს მდგარი ხალხი და ცაში, ხეებს ზემოთ, რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ,– საჰაერო ბურთი.თუმცა მისი იქ ყოფნა არ გიკვირს, არ გეუცხოება – თითქოს მე–19 საუკუნის დასასრულის საფრანგეთში იმყოფებოდე, ეს ტყე თუ პარკი ბულონის ტყე იყოს და ეს ხალხი– ცნობისმოყვარე პარიზელები.
   მხატვარი ამბობს, რომ დროის განმავლობაში შეიცვალა მისი ხელწერა. ის სულ უფრო მეტად იხრება განზოგადებისკენ, აბსტრაქციისკენ, რაც პეიზაჟის ახლებურად დანახვაშიც იჩენს თავს. ასეთია „ერთი დღე“, „ზამთარი“ – თეთრ ფონზე შინდისფერი ხეებით და „ჭაობი“ – ამქვეყნად არსებული ყველა ჭაობის კრებითი სახე!

   ამ ახალგაზრდა, თვითმყოფადი ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა კაუნასში  ლამაზი დასაწყისია  „ სახლის“ კონცეფციით გათვალისწინებული  მრავალფეროვანი კულტურული საქმიანობისა.  21 დეკემბერს, „საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლს“  ეწვევიან საპატიო სტუმრები:  საქართველოს ელჩი ლიტვაში – ქნ–ი ხათუნა სალუქვაძე,  ქალაქ კაუნასის მერი და სხვა ოფიციალური პირები.

    ყველა ოცნება , მოგეხსენებათ,  ბავშვობიდან  ამომზევდება. „სახლის“ იდეის ავტორი და დიასახლისი, ჩემი ძვირფასი მეგობარი – კრისტინა ბარანაუსკაიტე, ხელოვნებათმცოდნეა. მამით  ლიტველს , დედა თბილისელი  ჰყავს, წარმოშობით ბერძენი. მშობლებს ერთმანეთი საქართველოში გაუცვნიათ, შორეული  1965 წლის ზაფხულში. შეყვარებულები ორი  კვირის თავზე  შეუღლებულან  :  კრისტინას დედა თურმე ძალიან ჰგავდა იმ მშვენიერ ასულს, მამას რომ გამოეცხადა სიზმარში...შემდეგ  ბავშვობის ტკბილი  მოგონებები :  ლიტვა, არდადეგებზე – საქართველო, თბილისელი ბებია,  ულამაზესი მთის სოფელი ციხისჯვარი – დედის მშობლების ფუძე და ძირი. ჩემი მეგობრის და მისი დის სისხლსა და ცნობიერებაში ერთხელ და სამუდამოდ შეერწყა ერთმანეთს ჩრდილოეთი და სამხრეთი, ისე, რომ არც ერთს დაუკარგავს  ზომიერებისა და წესრიგის გრძნობა და არც მეორეს – სითბო და სტუმართმოყვარეობა.

     პურ–მარილის, სიხარულის, სილამაზის გაზიარების ხელოვნება. როცა  საქართველოს, თილისმასავით, მუდამ თან დაატარებ, ბუნებრივია, გინდა, რომ სხვებსაც უწილადო ეს სიყვარული. მეგობრებისთვის მომზადებული კერძებით,  ქართული ფილმებისა და მუსიკის ჭაშნიკით  ჩაეყარა საფუძველი ასეთი „სახლის“ იდეას, ამ სიტყვის ტრადიციული, თითქმის საკრალური მნიშვნელობით, როდესაც  „სტუმარი ღვთისაა“, ხოლო მასპინძელი – უფლის ნებას აღასრულებს. „ ჩრდილოური ყინული უნდა გავალღვოო“ – უყვარს ხოლმე თქმა დიასახლისს. ამბობს და აკეთებს კიდეც. „სახლის“ გახსნამდე  რამოდენიმე თვით ადრე კრისტინა ბარანაუსკაიტემ კაუნასში ქართული კულტურისა და სამზარეულოს მოყვარულთაგან  ერთგვარი კლუბი  შექმნა.  „სილბო ჰქონდეს ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა“–   ამ ფერიასავით სიფრიფანა  ქალბატონს   სიძნელეები როდი აშინებს!  „საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი“ მხოლოდ მისი მორალური და მატერიალური  ძალისხმევის შედეგია. „ მჯერა, რომ მალე ეს ადგილი  ჩემი მეორე სამშობლოს  მოდელად, სიმბოლოდ  იქცევა,  მოეწყობა ქართველი მხატვრებისა და ფოტოგრაფების  გამოფენები,  ფილმების ჩვენება, ქართული კერძების დეგუსტაცია,  კულინარიული მასტერკლასები და იმპროვიზირებული კონცერტებიც კი. პატარა საქართველო ლიტვაში.  სამწუხაროდ, მამაჩემი ამ ზაფხულს გარდაიცვალა და ვერ მოესწრო სახლის გახსნას, ვერ გაიზიარა ჩემი და დედას სიხარული – ეს ხომ მისი ოცნებაც გახლდათ! ლიტველი იყო და საქართველოში ცხოვრებაზე ოცნებობდა...“

ალინა ქადაგიშვილი