გამოფენა „სიყვარულის საიდუმლო“

4 დეკემბერს, „საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლში“ ( კაუნასი, დონელაიჩეს ქუჩა 91) მართლაც, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება – გაიხსნება ორი ცნობილი ქართველი მხატვრის – ნინო ჩაკვეტაძისა და ბუბა არაბულის გამოფენა სახელწოდებით „ სიყვარულის საიდუმლო“, რომელიც 2017 წლის 8 იანვრამდე გასტანს.

ნინო ჭანკვეტაძე - მხატვარი, რომელმაც იცის ბავშვების ხატვა, რადგან უმეტესობამ ეს არ იცის. საქმე მარტო ტექნიკას კი არ ეხება, არამედ, უფრო მეტად, ბავშვებთან დამოკიდებულებას. მათი ბავშვები ან თოჯინებს  ჰგვანან ან ზრდასრული ადამიანების დაპატარავებული ასლები არიან. ნინო ჭანკვეტაძის შემოქმედებასთან შეხებისას, ჩვენ ვხვდებით სხვა - დავიწყებულ – ბავშვობის  სამყაროში და შეუმჩნევლად ვგრძნობთ, რომ მას არ მივუტოვებივართ. თითოეული ჩვენთაგანის სიღრმეში ხომ ბავშვს სძინავს, რომლის გაღვიძებაც მხოლოდ ნამდვილ ხელოვნებას ძალუძს.

 მისი პორტრეტები - თავისი და სხვათა აღქმაა ბავშვების თვალებით. ისინი ჩვენი ბავშვობის თვალებით იცქირებიან და ეს ფართოდ გახელილი თვალები ვერ ეგუება სიყალბეს. მათი დახატვა მოითხოვს სრულ გულწრფელობასა და უბრალოებას, ფორმისა და შინაარსის ერთიანობას, რათა თავიდან ავიცილოთ ის დამტკბარ– გადაპრანჭულობა, რაც ასე ახასიათებს ზოგადად, ბავშვების გამოსახულებებს.

Buba Arabuli „Senojo namo angelas“

ნინო ჩაკვეტაძის მხატვრულ სამყაროში სურათების რბილი, პასტელური ტონები იცვლება მკვეთრი, ცოცხალი ფერებით ანდა საბავშვო წიგნების შავ– თეთრი ილუსტრაციებით. ეს ილუსტრაციები სულ ადრეული ასაკიდან სათუთად აყალიბებს ბავშვის გემოვნებას და ესთეტიკურ აღქმას, როცა წიგნის გმირის სულიერი სილამაზის შესახებ  მოგვითხრობს; გვეხმარება უკეთ აღვიქვათ წაკითხული და ზოგადად, აღვიძებს ინტერესს წიგნისადმი.

ნინო ჩაკვეტაძის საყვარელი თემაა – ბავშვების სიხარული თუ იმედგაცრუება, ბავშვის შინაგანი ცხოვრება, სადაც სიჩუმე საუბარზე უფრო მეტყველია. მაყურებელს წუთითაც არ ტოვებს ერთგვარი ნოსტალგია, რომელსაც თავად მხატვარი განიცდის, უზრუნველი და იდილიური ბავშვობისა და ზოგადად, წარსულის მონატრება.

არაა გასაკვირი, რომ ბავშვებს მოწონთ ყველაფერი, რასაც ის ხატავს, რადგან ამ მხატვრის  სახით მათ შეიძინეს არა მხოლოდ ყურადღებიანი მაყურებელი, არამედ, მსმენელიც, რომელიც მათ დასახმარებლად  მუდამ მზადაა.    

თუ ნინო ჩაკვეტაძე ბავშვებს ხატავს, ბუბა არაბული ხატავს ქალს, სწორედ რომ ქალ ს და არა ქალებს. ეს ქალი მარადიული სატრფოა, მეუღლე, დედა... ის ლამაზი და დახვეწილია, თითქმის გამჭვირვალე. ბუბა ხატავს ქალის პორტრეტს, როგორც ფრესკას, ადიდებს მას და ქედს იხრის მის წინაშე. ეს ქალი თითქოს ეგვიპტური კედლის მხატვრობიდან გამოგვეცხადა, ბიზანტიური ხატებიდან, ქართული ტაძრის მოხატულობიდან. ცხადია, ყველა მხატვარს გააჩნია თავისი „სისუსტეები“ – საყვარელი თემები, გავლენები და  კერპებიც კი. ვფიქრობ, რომ ბუბა არაბულისთვის ასეთია მე –20 საუკუნის დიდი მხატვარი – მოდელიანი.

Buba Arabuli „Baltas žirgas“

გავლენა ანდა მსგავსება ხელოვნებაში რთული ფენომენია : მით უმეტეს, რომ ის გვხვდება თვით დიდოსტატებთანაც კი. მგონია, რომ არსებობს ამა თუ იმ მხატვრისადმი მიზიდულობა, რაღაც შინაგანი კავშირი, სურვილი მასთან დიალოგის წარმოებისა. და არა აქვს მნიშვნელობა, რომ ის სამი საუკუნის წინ ცხოვრობდა... ეს სურვილი  კი მსგავსი გამომსახველობითი ფორმებისა და საშუალებათა არჩევაში გამოიხატება.  საფიქრებელია, რომ მოდელიანის შემთხვევაშიც ასე იყო. ზოგადად, არაბულის პორტრეტები ძალიან სტატიკურია – ამით ისინი გვანან ფრესკებს, სადაც უძრაობა  სულიერ სიმშვიდეზე, უკვდავებაზე მიუთითებს... და მისი სურათებიც საჭიროებს ჭვრეტას, დრო აქ ნელა, მშვიდად მიედინება. თვით შეყვარებულებიც, თითქოს გაიყინნენ ამ გარინდებაში, ტკბილ ოცნებაში... სიშიშვლე ხომ აქ არ აღიქმება, როგორც მინიშნება ეროტიკაზე – აქ სწორედ რომ სიყვარულის იდეაა გამოსახული. სიყვარულისა, როგორც უღრმესი გრძნობის, ორ სქესს შორის კავშირისა, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და შეისწავლიან, და ამით საკუთარი თავის შეცნობის რთულ გზას გადიან, ისწრაფვიან ჰარმონიისკენ.

დიახ, ბუბა არაბულის  სურათებში ვერ შეხვდებით ყოვლისმომცველ ვნებებს, სამაგიეროდ, არის სინაზე, სისათუთე და რაღაც ჰაეროვნება... გოგონას თვალებში, ლარნაკის ყვავილებში, ქალაქის პეიზაჟებში. ნუთუ, ეს მართლა თბილისია? ნუთუ ის შეიძლება ასეთი იყოს? ჰო და არა... ეს არის ყოველივე ის, რაც არასოდეს არ  ძევს სააშკარაოზე, არამედ დაფარულია ჩვენგან ყოველდღიური საზრუნავისა და მღელვარებათა საბურველით.

აი, დიდხანს ვუყურებდი ყველა ამ ნამუშევარს და უეცრად ძალუმად მომინდა რაღაცის დახატვა, თუნდაც ჩანახატის გაკეთება ხელის რამდენიმე მოძრაობით... მომინდა შემეგრძნო ის ბედნიერება, ის განუმეორებელი აღტაცება, რასაც მხოლოდ შემოქმედება თუ გვაძლევს... შეიძლება თუ არა ეს მხატვრის დამსახურებად ჩაითვალოს – დიახ, შეიძლება.

Nino Chakvetadze „Durys“

მის სურათებზე გამოსახულ უამრავ სახეთა შორის გვხვდება მხატვრის პორტრეტიც, ცხადია, ზუსტი ავტოპორტრეტი კი არა,  ისევ და ისევ მისი განზოგადებული  სახე. მისი ქმნილებანიც ხომ ისევე გასაოცრად მშვიდი, დახვეწილი და ლამაზია, როგორც თავად მხატვარი... ანგელოზები და ბავშვები, შეყვარებულები და ფერმძიმე ქალები, მამაკაცები ბავშვების თვალებით – ეს ხომ საოცრებაა, როცა ამის დანახვა და გადმოცემა შეგიძლია! და კიდევ, თევზი უჭირავთ ხელში – ბიბლიური სიმბოლო, უკვდავებაზე რომ მიანიშნებს...

... ერთი ჯგუფური პორტრეტიდან პიტერ ბრეიგელის სუნთქვა ვიგრძენი... სახეები აღმოსავლურია, სტილი – დასავლური. სწორედ ამაში მდგომარეობს ქართული ხელოვნების განსაკუთრებულობა – ის აღმოსავლური და დასავლური გავლენების გზაჯვარედინზე დგას, რომ აღარაფერი ვთქვათ საკუთარ, ეროვნულ ტრადიციებზე – წარმართობიდან  დღევანდელ დღემდე...

ალინა ოქროპირიძე